ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონისა და ნაციონალური მოძრაობის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, არსებობს პუნქტები, რომლებზე დათანხმება მოუწევს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.
"ეს შეხვედრა, რომელიც იყო პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფორმატში, გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ძალიან დეტალურად განგვეხილა ჩვენი პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად, ყველა იმ 6 პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის სამოქმედო გეგმაში.
ზოგიერთ საკითხზე ჩვენ გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია უფრო მეტ დეტალზე, სხვებზე შევთანხმდით რაღაც ზოგად მონახაზზე, მაგრამ ერთი რამ არის ნათელი და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომელზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს", - აღნიშნა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარ საკითხებად ოპოზიციისთვის ისევ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
"პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენს პარტიას წარმოადგენდეს ნიკა მელია და შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს შესაბამისად, პატიმრობიდან.
გარდა ამისა, ვადამდელი არჩევნები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა იცით, რომ არ მომხდარა. გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე, არსებობს სხვადასხვა და სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.
არსებობს პუნქტები, რომელზეც მოუწევს დათანხმება "ქართულ ოცნებასაც" და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. დანიელსონი თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდა.
მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელმა ჩარჩო საკითხებიც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო საკითხებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.